კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება:
ეს პოლიტიკა მარტივი ენით განმარტავს, როგორ ამუშავებს GEOWAI შენს პერსონალურ მონაცემებს ამ საიტზე და სარეგისტრაციო ფორმაში. მას საფუძვლად უდევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მოკლედ
- ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რასაც ფორმაში ჩაწერ: სახელს, ტელეფონის ნომერს, საქმიანობის სფეროსა და ტელეფონის მოდელს.
- ამ მონაცემებს ვიყენებთ შენი განაცხადის განსახილველად და შენთან დასაკავშირებლად.
- მათ არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
- განაცხადს ავტომატურად ვშლით 12 თვის შემდეგ.
- საიტი არ იყენებს ქუქი-ფაილებს, ვიზიტების ანალიტიკასა და სარეკლამო სერვისებს.
- ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა.
1. ვინ არის პასუხისმგებელი
შენი მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია:
- დასახელება
- GEOWAI
- ელფოსტა
- info@geowai.ge
ამ პოლიტიკაში „ჩვენ“ და „GEOWAI“ სწორედ ამ პირს ნიშნავს.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
როცა სარეგისტრაციო ფორმას აგზავნი, ვინახავთ:
- სახელსა და გვარს;
- ტელეფონის ნომერს;
- საქმიანობის სფეროს, რომელსაც სიიდან ირჩევ;
- ტელეფონის მოდელს;
- გვერდის ენასა და გაგზავნის დროს, რომლებიც ავტომატურად ჩაიწერება.
ფორმის შევსება შენი არჩევანია. ოთხივე ველი აუცილებელია: თუ რომელიმეს არ შეავსებ, განაცხადს ვერ მივიღებთ. სხვა შედეგი ამას არ მოჰყვება.
ამ საიტით არ ვაგროვებთ ვიდეოებს, საბანკო რეკვიზიტებს, პირად ნომერს ან მდებარეობას.
საიტის გახსნისას ჰოსტინგის პროვაიდერი ავტომატურად აღრიცხავს ტექნიკურ მონაცემებს: IP მისამართს, ბრაუზერის ტიპს, მოთხოვნილ გვერდსა და დროს. ისინი საიტის მუშაობასა და უსაფრთხოებას ემსახურება და მათ შენს განაცხადს არ ვუკავშირებთ.
3. რატომ ვამუშავებთ მონაცემებს
- განაცხადის განხილვა და შენთან დაკავშირება. სახელი და ნომერი გვჭირდება, რომ დაგიკავშირდეთ. საქმიანობის სფერო გვეხმარება შესაფერისი დავალებების შერჩევაში, ტელეფონის მოდელი კი გვეუბნება, შეძლებს თუ არა ის ვიდეოს საჭირო ხარისხით ჩაწერას. საფუძველი: შენი განაცხადის განხილვა და შენივე მოთხოვნით გარიგების დადება (კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ბ“ ქვეპუნქტები).
- განმეორებითი განაცხადების თავიდან აცილება და საიტის დაცვა. ერთ ნომერზე მხოლოდ ერთ განაცხადს ვიღებთ, ტექნიკურ მონაცემებს კი შეფერხებებისა და ბოროტად გამოყენების აღმოსაჩენად ვიყენებთ. საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, რომ განაცხადების სია ზუსტი და საიტი უსაფრთხო იყოს (იმავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი).
- კანონის მოთხოვნების შესრულება. მონაცემებს ამ მიზნით მხოლოდ მაშინ ვამუშავებთ, როცა ამას კანონი გვავალდებულებს (იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი).
მონაცემებს რეკლამისთვის არ ვიყენებთ. განაცხადებს გუნდის წევრები განიხილავენ: მხოლოდ ავტომატურ გადაწყვეტილებას შენზე არ ვიღებთ და პროფაილინგს არ ვახორციელებთ.
4. ვის აქვს მონაცემებზე წვდომა
მონაცემებს ხედავენ მხოლოდ GEOWAI-ის გუნდის ის წევრები, რომლებსაც ისინი განაცხადების განსახილველად სჭირდებათ. ჩვენი დავალებით მათ ამუშავებენ მომსახურების მიმწოდებლებიც (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები):
- Supabase Pte. Ltd. (სინგაპური, privacy@supabase.com): მონაცემთა ბაზა, სადაც განაცხადები ინახება;
- Vercel Inc. (აშშ, privacy@vercel.com): ჰოსტინგი, რომლის სერვერების გავლით იხსნება საიტი და იგზავნება ფორმა.
სხვა პირებს მონაცემებს მხოლოდ მაშინ გადავცემთ, როცა ამას კანონი გვავალდებულებს. მათ არ ვყიდით და სხვა კომპანიებს მათი საკუთარი მიზნებისთვის არ ვაძლევთ.
5. სად ინახება და მუშავდება მონაცემები
განაცხადები ინახება Supabase-ის მონაცემთა ბაზაში, გერმანიაში (ფრანკფურტი), და ძირითადად იქვე მუშავდება. გერმანია შედის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ დამტკიცებულ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში.
Supabase Pte. Ltd. სინგაპურშია რეგისტრირებული და ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის სხვა კომპანიებსაც იყენებს, ძირითადად აშშ-ში. მისი მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულების მიხედვით, გამონაკლის შემთხვევაში, როცა ეს მომსახურებისთვის ან კანონის შესასრულებლად არის საჭირო, მონაცემებზე წვდომა ამ ქვეყნებიდანაც შეიძლება განხორციელდეს. სინგაპური და აშშ აღნიშნულ ნუსხაში არ შედის, ამიტომ ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამავე ხელშეკრულებაში შესული ევროკავშირის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები. ჩვენი მხრიდან, ტექნიკური მხარდაჭერის მოთხოვნებში განმცხადებლების მონაცემებს არ ვუზიარებთ.
საიტს Vercel Inc. ემსახურება, რომელიც აშშ-შია რეგისტრირებული. ფორმა მის ფრანკფურტის სერვერზე მუშავდება, ტექნიკური მონაცემები კი (IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოთხოვნილი გვერდი და დრო) შეიძლება აშშ-ში ან იმ სხვა ქვეყნებში დამუშავდეს, სადაც Vercel-ს ან მის ქვეპროცესორებს ინფრასტრუქტურა აქვთ. აშშ აღნიშნულ ნუსხაში არ შედის. მონაცემთა დამუშავების პირობებს Vercel აღწერს თავის კონფიდენციალურობის შეტყობინებაში.
6. რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს
- განაცხადს ავტომატურად ვშლით მისი გაგზავნიდან 12 თვის შემდეგ.
- თუ პროექტში ჩაერთვები, თანამშრომლობისთვის საჭირო მონაცემებს ცალკე შევინახავთ თანამშრომლობის განმავლობაში და იმ ვადით, რასაც კანონი მოითხოვს.
- თუ განაცხადის წაშლას მოითხოვ, მას წავშლით არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მისი შენახვის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
- ტექნიკურ ჟურნალებსა და სარეზერვო ასლებს პროვაიდერები ავტომატურად შლიან მათი შენახვის ვადის გასვლისას.
7. რა უფლებები გაქვს
შენ გაქვს უფლება:
- მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რა მონაცემებს ვამუშავებთ, რატომ და რა საფუძვლით;
- გაეცნო შენს მონაცემებს და მიიღო მათი ასლი;
- მოითხოვო მცდარი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
- მოითხოვო დამუშავების შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება;
- მოითხოვო მონაცემების დაბლოკვა;
- მიიღო შენ მიერ მოწოდებული მონაცემები მანქანურად წაკითხვადი ფორმატით ან მოითხოვო მათი სხვა პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია;
- არ დაექვემდებარო მხოლოდ ავტომატურად მიღებულ გადაწყვეტილებას;
- თუ მონაცემებს შენი თანხმობით ვამუშავებთ, ნებისმიერ დროს გამოიხმო თანხმობა;
- მიმართო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.
უფლების გამოსაყენებლად მოგვწერე: info@geowai.ge. მოთხოვნა, როგორც წესი, უფასოა. გიპასუხებთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, დაბლოკვის მოთხოვნაზე კი არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ინფორმაციისა და მონაცემების ასლის მოთხოვნაზე ვადა განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება კიდევ 10 სამუშაო დღით გაგრძელდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. მონაცემები სხვა პირს რომ არ გადავცეთ, შესაძლოა ვინაობის დადასტურება გთხოვოთ.
8. როგორ ვიცავთ მონაცემებს
საიტთან კავშირი დაშიფრულია (HTTPS), მონაცემთა ბაზა კი მონაცემებს დაშიფრულად ინახავს. საიტს მხოლოდ ახალი განაცხადის დამატება შეუძლია: მისი გავლით არსებული განაცხადების წაკითხვა, შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია. ბაზაზე წვდომა მხოლოდ უფლებამოსილ გუნდის წევრებს აქვთ.
ვერცერთი სისტემა ვერ იქნება სრულად დაცული. თუ ინციდენტი მოხდა, ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით ვაცნობებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ხოლო თუ ინციდენტი შენთვის მნიშვნელოვანი ზიანის რისკს შექმნის, შენც.
10. ვიდეოები და ანაზღაურება
ეს პოლიტიკა მხოლოდ საიტსა და სარეგისტრაციო ფორმას ეხება. ვიდეოებისა და საბანკო მონაცემების დამუშავების პირობებს ცალკე გაგაცნობთ, სანამ პროექტში ჩაერთვები.
11. ასაკი
პროექტი განკუთვნილია 18 წელს მიღწეული პირებისთვის. თუ ფიქრობ, რომ განაცხადი არასრულწლოვანმა გამოგვიგზავნა, მოგვწერე და მას წავშლით.
12. პოლიტიკის ცვლილება
პოლიტიკის ცვლილებისას განვაახლებთ ამ გვერდსა და ზემოთ მითითებულ თარიღს. თუ ცვლილება არსებითად შეეხება უკვე მოწოდებულ მონაცემებს, ცალკეც გაცნობებთ.
13. დაკავშირება და საჩივარი
შეკითხვისა და მოთხოვნისთვის მოგვწერე: info@geowai.ge.
თუ ფიქრობ, რომ შენი უფლებები დაირღვა, შეგიძლია მიმართო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს, ან სასამართლოს.